საუბრები ტოლერანტობაზე


 

 

 

სერგი ლორთქიფანიძე-"რელიგიისა და სამართლის როლი ადამიანის უფლებათა დაცვისათვის საქართველოში"
სერგი ლორთქიფანიძე-"რელიგიისა და სამართლის როლი ადამიანის უფლებათა დაცვისათვის საქართველოში"

ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი
სერგი ლორთქიფანიძე


რელიგიისა და სამართლის როლი ადამიანის
უფლებათა დაცვისათვის საქართველოში


უფალი ადამიანის შემოქმედი და ადამიანის უფლებათა უზენაესი დამცველია. ყოვლადმოწყალე უფალთან ერთად, გარკვეული ფუნქციით მოვლენილი ადამიანიც უნდა ეცადოს საკუთარი თავის ყოველმხრივ და სრულყოფილად დაცვას. ცოდვილი ადამიანის ცხოვრებისეულ წინააღმდეგობათა არსებობის ბუნებიდან გამომდინარე, სამართალი ისე უნდა მოაწყოს მოაზროვნე სამართალმცოდნემ, რომ ყოველმა ადამიანმა შრომის საზოგადოებრივი დანაწილების გაღრმავების პროცესში უსაფრთხოდ და არხეინად იგრძნოს თავი.
ქართული სახელმწიფოებრიობა და მაშასადამე ადამიანის გარკვეულწილად სამართლებრივი დაცვის ისტორიაც სათავეს ჩვენს წელთაღიცხვამდე თითქმის ათასი წლით ადრე იღებს, როცა საქართველოს ტერიტორიაზე პირველი სახელმწიფო _ კოლხეთის სამეფო გაჩნდა.
ადამიანის უფლებებზე გარე ფაქტორებით ხელყოფის სამაგალითოდ, აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა ტომებს შორის გაჩაღებული ომების შედეგად, დამყრობთაგან უკეთ დაცვის ინსტიქტითა და მიზნით, ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-4 საუკუნეში ე.წ. ქართლის სამეფო, ანუ, როგორც მას სხვადასხვა წყაროებით უწოდებენ _ ივერია და კავკასიური იბერია ჩნდება, რომლის დედაქალაქად მცხეთა მოიხსენება, ხოლო პირველ მეფედ _ ფარნავაზ I, რომელსაც პირველი ქართული დამწერლობის შემქმნელადაც ვაღიარებთ, როცა შეიქმნა ხელნაწერით განმტკიცებული ქართული კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებთა დაცვის პირველი საწყისებიც.
საყოველთაოდ აღიარებული ფაქტია და ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ უკვე ჩვენი წელთაღრიცხვის მე-4 საუკუნეში (327 წელი), მირიან III-ის მეფობის დროს, ქართლის (ივერიის) სახელმწიფო რელიგიად ცხადდება ქრისტიანობა, შესაბამისად, დასაბამი ეძლევა ქართული სახელმწიფოებრიობისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და კულტურის ქრისტიანულ ტრადიციებს.
როგორც ცნობილია, 1204 წელს კონსტანტინეპოლის დაცემის შემდეგ, საქართველო ითვლებოდა უძლიერეს ქრისტიანულ სახელმწიფოდ აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში, როცა თამარ მეფის ტიტული იკითხებოდა მეფედ აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა და შირვანის შაჰინშაჰთა. სწორედ ამ ეპოქაში შეიქმნა შოთა რუსთველის “ვეფხისტყაოსანი” _ ადამიანთა მეგობრობისა და სიყვარულის შესახებ მსოფლიო ლიტერატურის უკვდავი ქმნილება.
ჯერ კიდევ “ვეფხისტყაოსანში” მოცემულია სამართლის კანონებით ადამიანის უფლებათა დაცვის ქართული ხედვის უნიკალური ფრაგმენტები, რომლებიც განაზოგადა და მე-18 საუკუნის დასაწყისში კანონთა კრებულის სახით გამოსცა ვახტანგ VI-მ, რომელიც ითვლებოდა და ითვლება ქართული სამართლის ისტორიის დიდ კლასიკოსად.
ქართული კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის არსებითი განვითარების გზაზე საჭიროა აღინიშნოს 1918-21 წლების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია (1921 წ.), 1991 წლიდან საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესების გაღრმავების შედეგად აღმოცენებული საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის კონსტიტუცია (1995 წ.) და ვარდების რევოლუციის (2003 წ.) შემდეგ უფლებათა ცივილური დაცვის დასავლურ კანონმდებლობასთან ჰარმონიზების მნიშვნელოვანი გააქტიურება.
სამართალი, ცალკეული ნორმების საშუალებით, არეგულირებს (აწესებს) ადამიანების ურთიერთობებს, მათ შორის, უმთავრესად, ადამიანის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდის უზრუნველყოფის მიზნით (გამოყენებული წყარო #1, გვ. 2). ადამიანების მოწესრიგებული თანამშრომლობის განვითარების თვალსაჩინო მაგალითია დღევანდელი დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოც, რომელიც წარმოადგენს კოლექტიური მომსახურების ახალგაზრდა მოწესრიგებულ ინსტიტუტს (სისტემას, სტრუქტურას, მექანიზმს), მათ შორის მეტი საზოგადოებრივი უსაფრთხოების, სრულყოფილი ენერგეტიკული ბაზის, უკეთესი გზების, მაღალი ხარისხის განათლებისა და თანამედროვე ჯანდაცვის სისტემის არსებობისათვის.
ბევრი კანონისა თუ წიგნის წაკითხვა არ ნიშნავს, რომ ადამიანმა ჭეშმარიტი ცოდნა მიიღო (გამოყენებული წყარო #2, გვ. 16-17). ადამიანები ხშირად ხედავენ მრავალ სასწაულს, მაგრამ ვერ აცნობიერებენ მათ. ჭეშმარიტი ცოდნა და შესაბამისად აღმოცენებული ადამიანის დაცვის სრულყოფილი სამართლებრივი სისტემა მხოლოდ უფლის უდიდეს რწმენასა და მორჩილებას ახლავს.
მეორე მსოფლიო ომის გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ადამიანის დამმონებელი ფაშისტური ურჩხულის დამარცხება მხოლოდ ქვეყნების გაერთიანებული ძალისხმევით მოხერხდა, რაშიც უდიდესი როლი შეასრულეს აშშ_მ, დიდმა ბრიტანეთმა, რუსეთმა და პატარა საქართველომაც, რომელმაც პროცენტულად მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა ფაშიზმის წინააღმდეგ სამართლიან ბრძოლაში.
ტექნიკის, მსოფლიო ბაზრისა და ქვეყნებს შორის პოლიტიკური კავშირების განვითარებამ მსოფლიო ერთიან დიდ ოჯახად გადააქცია (გამოყენებული წყაროები #3-6). თუმცა, გლობალიზაციას, დადებით მხარეებთან ერთად, ძალიან ბევრი პრობლემა ახლავს, მათ შორის საერთაშორისო ტერორიზმით ადამიანის უფლებათა ხელყოფა ყველა დროის უმძიმესი სენი გახდა. Pპატარა საქართველო გლობალური ტერორიზმისაგან ადამიანის დაცის საქმეშიც თავის გმირულ მაგალითებს იძლევა. ძალზე მახარებს, რომ ჩემი თაობის ახალგაზრდობა სულ უფრო თამამად და მასიურად ღებულობს მონაწილეობას ანტიტერორისტულ კოალიციაში, რომელიც ერაყში, საუდის არაბეთში, ავღანეთისა და სხვა ქვეყნების ტერორიზმის კერების აღმოჩენისა და ჩაქრობის პროცესებს აძლიერებს.
რელიგია გვასწავლის, რომ გლობალიზაციას არ უნდა შევუშინდეთ და იგი ყოველმა ქვეყანამ სასიკეთოდ უნდა გამოიყენოს. საერთაშორისო და ეროვნულმა კანონმდებლობებმა კი ყოველ ქვეყანას თავისი საკუთარი თვითმყოფადობის შენარჩუნებაში უნდა შეუწყოს ხელი. მხოლოდ რელიგია და სამართალი შეძლებენ იდეალურად დაუპირისპირდნენ ტერორიზმის ბოროტ ძალას. მსოფლიოს ხალხებთან ერთად ტერორიზმთან იდეოლოგიური ბრძოლისათვის პირადად ჩემთვის ძალზე ყურადსაღებია საქართველოს პატრიარქის ილია მეორეს ქადაგებები, რომელიც აღნიშნავს, რომ დღევანდელი მასობრივი ინფორმაციის საშუალებები და კომპიუტერი (ინტერნეტი) “ახალ ნოყიერ ნიადაგს ქმნიან მსოფლიო კულტურათა და ცივილიზაციათა დიალოგისათვის” (გამოყენებული წყარო #7, გვ. 34).
ჩემი აზრით, ყოველმხრივ უნდა ვეცადოთ, რომ გამძაფრებულ მსოფლიო საფრთხეთაგან ადამიანის უკეთ დაცვის მიზნით სტუდენტობამაც აქტიური მონაწილეობა უნდა მივიღოთ. კერძოდ, საჭიროა ვეცადოთ შემოვიკრიბოთ ახალგაზრდობის პროგრესული ძალები, რაშიც საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციები, კულტმასობრივი ღონისძიებები და ახალგაზრდული ბანაკების პრაქტიკა უნდა გამოვიყენოთ.

გ ა მ ო ყ ე ნ ე ბ უ ლ ი წ ყ ა რ ო ე ბ ი

1. შესავალი სამართალში (ლექციების კურსი). _ თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2009.
2. ლორთქიფანიძე სერგი, რა ცოდნაა ჭეშმარიტი, ვინ შეიძლება იყოს ჭეშმარიტად განათლებული და რა მნიშვნელობა აქვს რელიგიასა და სამართალს გლობალურ ტერორიზმთან ბრძოლისა და ტექნიკური პროგრესისათვის. _ მართლმადიდებლური ჟურნალი ქაროზი, 2006 წელი, #5 (42), გვერდები 16-17.
3. მაგსტადტი თომას მ, გავიგოთ პოლიტიკა: იდეები, ინსტიტუტები და საკითხები. _ თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2008.
4. ეკონომიკური ზრდის ქრისტიანული, პოლიტიკური და თეორიული საფუძვლების შესახებ. _ თბილისი, ქაშუეთის ტაძარში მოღვაწე მამა ღვთისოს კურთხევით, 2005.
5. მსოფლიო ციფრებში. _ თბილისი, სიახლე, 2000.
6. Political Science Quarterly. ¬_ New York, Vol. 124, Number 2, 2009.
7. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე მეცნიერების, კულტურისა და ხელოვნების შესახებ, თბილისი, 2004.[center][/center]
Powered by LINE-STUDIO